გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვთა უფლებების მონიტორინგი ყველგან უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

21 მაისი 2021
unicef logo
UNICEF

თბილისი, საქართველო. 2021 წლის მაისი. ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილი ინსტიტუციების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ, რათა ბავშვთა უფლებები სრულად იყოს დაცული. გაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის ადვოკატირებას, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციას და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსს ეფუძნება.  

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვის სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის იგი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, რომელშიც ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფერო სუფევს. კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი საკუთარი ნების წინააღმდეგ ან სიღარიბის გამო არ იქნას მშობლებისგან განცალკევებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით, ამგვარი განცალკევება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს საჭირო ზომები ოჯახის მიერ ბავშვის მიტოვების ან მისი ოჯახისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ ბავშვის ოჯახისგან განცალკევება აუცილებელია, ნებისმიერი სახის ალტერნატიული მზრუნველობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან და მასზე მზრუნველობის ალტერნატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილ ინსტიტუციებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს და გაძლიერდეს  ალტერნატიული მომსახურებები დეინსტიტუციონალიზაციის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუციების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული სერვისებით თანდათანობით ჩანაცვლებას. გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. უპირველეს ყოვლისა, დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობის ინსტიტუციურიდან ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლებას. 

ამავდროულად, ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას უნდა შეეძლოს მონიტორინგი აწარმოოს ყველგან, სადაც ბავშვები არიან, რათა მათი უფლებები დაცული იყოს.  

ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

  • შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სახლების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვით ჩანაცვლება. 
  • დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
  • ამასობაში,  ბავშვთა ყველა სახლში უნდა დაიშვებოდნენ ქვეყნის შესაბამისი  ინსტიტუციები/უწყებები მონიტორინგისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებული ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე უნდა დაწესდეს აქტიური მეთვალყურეობა, ასევე, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს გამოყენებული ღონისძიების შესაბამისობის/მიზანშეწონილობის საკითხიც.  
  • უნდა დადგინდეს ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები, რაც საფუძვლად დაედება კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასა და პრევენციული და ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის შესახებ რეკომენდაციებს.    
  • კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახის გაძლიერების, ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და ინსტიტუციურ მზრუნველობიდან გამოსულ ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით უნდა შემუშავდეს  საზოგადოებრივი და ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებები, ასევე სოციალური დაცვის სხვა ზომები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.