გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით აჭარაში მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის პერსონალისთვის საინფორმაციო სესიები ჩატარდა

28 მაისი 2021
meeting with teachers
UNICEF/GEO-2021/Chaava

ბათუმი, 2021 წლის 28 მაისი აჭარის სკოლები მასწავლებლები, ადგილობრივი ექიმები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ იუნისეფის მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან პარტნიორობით ორგანიზებულ საინფორმაციო სესიებს, რათა მიეღოთ ინფორმაცია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. სესიების მიზანი იყო ადგილობრივი თემის ლიდერებისთვის  ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება. სესიებს ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები გაუძღვნენ.

მასწავლებელთა ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი ვირუსის საზოგადოებრივი გავრცელებისგან დავიცვათ და ხელი შევუწყოთ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რათა წარმატებით შეეძლოთ იმ შთამაგონებელი სამუშაოს გაგრძელება, რომელსაც საკლასო ოთახებში ატარებენ. კორონავირუსის მიზეზით სკოლების დახურვამ მოსწავლეებზე უდიდესი ზეგავლენა იქონია. ყველაზე მეტად დაზარალდნენ მარგინალიზებული ჯგუფები არა მხოლოდ განათლების, არამედ ასევე ჯანმრთელობის, ნუტრიციის, უსაფრთხოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. სკოლები უმიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვების განათლების, დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში და ღია უნდა დარჩეს.

 

 

საინფორმაციო სესიებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში,  ღასან ხალილი.

შეხვედრებზე ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება; Covid-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-ის გართულებები ბავშვებში; გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.

 

"წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის - მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაცია უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების უწყვეტ წვდომას განათლებასა და სოციალურ ცხოვრებაზე სკოლაში." - ღასან ხალილი

 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიმართვისას ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სკოლები იყოს ღია, სათანადო უსაფრთხოების დაცვით.

„იმუნიზაცია  კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც  გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე“, აღნიშნა ხალილმა. „წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის - მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაცია უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების უწყვეტ წვდომას განათლებასა და სოციალურ ცხოვრებაზე სკოლაში, რამაც დიდი შეფერხება განიცადა. გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAVI), ეხმარება საქართველოს მთავრობას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში“, დაამატა ხალილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მთავრობას Covid-19-ის პანდემიის უშუალო და გრძელვადიანი შედეგებისგან ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვაში. მის მიერ გაწეული სამუშაო მოიცავს მყისიერ რეაგირებას პანდემიაზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული პრევენციული ზომებისა და სერვისების დასაცავად მიმართული გრძელვადიანი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა ბავშვი განვითარდეს ისე, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.

საქართველოს მთავრობის თხოვნით, იუნისეფმა ხელი შეუწყო კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში (COVAX) ჩართვის პროცესს. იუნისეფი ასევე მხარს უჭერს ვაქცინებისადმი ნდობის ამაღლებას საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან დიალოგის წარმართვისა და დეზინფორმაციასა და სხვა დაბრკოლებებზე რეაგირების მეშვეობით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.