კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გაეროს ბავშვთა ფონდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობის ახალ პროგრამას იწყებენ

კამპანია „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, უსაფრთხო ჰიგიენისა და ზოგადი კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას

22 თებერვალი 2022
“Act for health” campaign is aimed at raising awareness among adolescents on healthy lifestyle, safe hygiene and overall wellbeing
UNICEF

2022 წლის 17 თებერვალი, თბილისი, საქართველო – საქართველოს ხუთ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთვებიან გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაწყებულ ახალ ინიციატივაში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირების კუთხით. ინიციატივის მიზანია მოზარდებში პანდემიის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ნორმების დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წერის პოპულარიზაციის მეშვეობით. პროექტს ახორციელებს განათლების წამყავნი პლატფორმა მოზარდებისთვის, საქართველოსა  და კავკასიის რეგიონში, კანტის აკადემია.

ინიციატივის ფარგლებში, 13-დან 18 წლამდე მოზარდები ახალციხიდან, ჭიათურიდან, მარნეულიდან, პანკისიდან და შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვირპირა სოფლებიდან გაივლიან ტრენინგებს მენტალური და ემოციური ტრანსფორმაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ, ასევე განივითარებენ სამეწარმეო და პროექტის განხორციელების უნარებს. სესიების შემდეგ მოზარდებს წაახალისებენ და დაეხმარებიან საკუთარი პროექტების განხორციელებაში. ექვსთვიანი პროგრამის მეშვეობით შეიქმნება 50 „ჯანმეწარმისგან“ შემდგარი ქსელი, რომლებიც ჩაერთვებიან თანასწავლებაში და გაავრცელებენ სესიებზე მიღებულ ცოდნას.

ლოზუნგის „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის!“ ქვეშ გაერთიანებული „ჯანმეწარმეები“ გაწევენ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოზარდებში, რომლებიც გაიღრმავებენ ცოდნას პირადი ჰიგიენისა და დაცვის საშუალებების შესახებ და გაიუმჯობესებენ სამეწარმეო უნარებს თავიანთ თემებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.  

პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებაში მოზარდების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომლებსაც თვითონ ახალგაზრდები უძღვებიან. სამეწარმეო პროექტები მოზარდებს ეხმარება პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის შეძენაში, საკვანძო უნარების განვითარებაში, ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და, რაც მთავარია, თავიანთ თემებში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიზანია კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია და ზოგადად პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა რისკების შესახებ კომუნიკაციისა და თემის ჩართვის მეშვეობით; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ზომებისა და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება; ასევე კოვიდ-19-ის თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით წარმოებული ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და ჯანდაცვის ელექტრონული სერვისების გასაძლიერებლად აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  https://www.usaid.gov/georgia.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.