ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს

27 აგვისტო 2021
Children in schools
UNICEF/GEO-2020/Jibuti

კოპენჰაგენი და ჟენევა, 30 აგვისტო – მაშინ, როცა ევროპის რეგიონში, სადაც  ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

აღნიშნული ზომები მოიცავს  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

 

"პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში." - ჰანს ჰენრი კლუგე

 

“პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ“, განმარტა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ.

“გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები.”

 

ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა „დელტა“ ვარიანტისგან დასაცავად
 

სწრაფად გავრცელებადმა  „დელტა“ ვარიანტმა  წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

„ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება,“ აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა

შორენა ხმალაძე ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა. „ახლა ჩვენი, მასწავლებლების პასუხისმგებლობა განათლების გადაცემასთან ერთად ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვაც გახდა. სრულფასოვანი და კარგი განათლებისთვის აუცილებელია, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების არ გვეშინოდეს“, აღნიშნა მან.

“მჯერა, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამას და ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში.” - შორენა ხმალაძე

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ფილიპე კორიმ თქვა: „პანდემია არ დასრულებულა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ლოკდაუნის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ.“

„ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლია და მათმა ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ, ან თუ დადიოდნენ, თავიანთ თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ.“

 

“სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობა. ეს არის სწავლის, უსაფრთხოებისა და თამაშისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში." - ფილიპე კორი

 

„სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობა. ეს არის სწავლის, უსაფრთხოებისა და თამაშისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. როცა სკოლები იკეტება, ბავშვები მოკლებულნი არიან სწავლისა და მეგობრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას და სახლში ყოფნისას შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. პანდემიამ ისედაც მიუღებელი სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სკოლები გაიხსნას და დარჩეს ღია უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

 

ექსპერტების რეკომენდაციები

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ  კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

  1. სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება.
  2. შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია.
  3. შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
  4. დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა.
  5. დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები.
  6. გაუმჯობდეს სასკოლო გარემო.
  7. ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  8. აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.