გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს კვლევას საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების აღზრდის ხარჯების შესახებ

30 ივნისი 2023
Adem with Grandfather, Village Kvatia, Khulo Municipality
UNicef/geo-2022/tsetskhladze

თბილისი, საქართველო, 30 ივნისი - გაეროს ბავშთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი - თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები“ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საჭიროებენ დამატებით საგნებსა და მომსახურებებს თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თუმცა მათი მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ფინანსური ტვირთი დიდწილად მათ ოჯახებზეა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული კვლევის მიზანია,  უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის ფინანსური ტვირთი, რომელიც გამოწვეულია კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით. კვლევის მიგნებები გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას იმ რეალობის შესახებ, რომელსაც საქართველოში აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახები. კვლევის ძირითადი მიგნებებია:

 

  • ხარჯებთან დაკავშირებული ბარიერები: კვლევამ გამოავლინა, რომ  საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის თანასწორი მონაწილეობითვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების საფასურის გადახდა საქართველოს ოჯახების უმეტესობას არ შეუძლია. ამით ნათელი ხდება, თუ რა ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ოჯახები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდიან.

 

  • სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჭიროებების განსხვავებული კატეგორიები აქვთ: სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განსხვავებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და მხარდაჭერის საჭიროებების მქონე ბავშვების ჯგუფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხარჯების სტრუქტურითა და დონეებით. კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სხვადასხვა ჯგუფს შორის მხარდაჭერის საჭიროებების უზარმაზარი სპექტრი. ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია მეტ დეტალს გვთავაზობს ამ მრავალფეროვნების შესახებ. ყველა კატეგორიაში,  მნიშვნელოვანი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს მეტი თანხა სჭირდებათ.  

 

  • არსებული მხარდაჭერის სისტემების ერთგვაროვნება: კვლევა ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია და არ პასუხობს მათი საჭიროებების  მრავალფეროვნებას. ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა დახმარების სხვადასხვა დონეებს და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ხარჯებს,  განაპირობებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ბავშვი ვერ იღებს საკმარის მხარდაჭერას. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მობილობასთან, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებასთან, სახლის ადაპტაციის და ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვასთან დაკავშირებულ ხარჯებს უმეტეს შემთხვევაში გაიღებს ოჯახი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფინანსურ ტვირთს.

 

  • სოფლად არსებული გამოწვევები: სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. დიდ ქალაქებში მგზავრობის საჭიროება, სადაც კონცენტრირებულია მათთვის საჭირო მომსახურებები, დაკავშირებულია საცხოვრებლის მოკლევადიან დაქირავებასა და ამასთან დაკავშირებულ სხვა დროებით ხარჯებთან.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების სისტემის გარდაქმნაში, რათა შეფასების დროს დეტალურად იქნას შესწავლილი პირის ფუნქციური შეზღუდვები და საჭიროებები, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე მორგებული მხარდაჭერის განვითარებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი სამუშაოს ჩატარება ზოგიერთი სახის დახმარების გაზრდის, ხარისხის ამაღლებისა და დამატებითი საპილოტე პროექტების ან ტესტების ჩატარების მხრივ.

კვლევა შეიმუშავა გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, მათ შორის მშობელთა ასოციაციასთან და კვლევით ინსტიტუტებთან უწყვეტი თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით.  უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შექმნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს მთავრობის დახმარებას ინდივიდზე მორგებული ისეთი პაკეტის შესაქმნელად, რომელიც ეფექტიანად და ხარისხიანად დააკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს.

კვლევა სრულად:

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი - თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.