კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებისკენ შედეგებს აჯამებს

საკომუნიკაციო კამპანია სოციალური ცვლილებებისთვის მიმართული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ

14 ივნისი 2022
Children holding banners with anti-stigma messages
UNICEF/Geo-2017/Svanidze

თბილისი. 14 ივნისი, 2022 - გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებული კამპანიის ფარგლებში 600-მდე სკოლის მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს ჩაუტარდა ინკლუზიური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, ხოლო სოციალური ქსელების 280,000-ზე მეტმა მომხარებელმა მიიღო შესაბამისი ინფორმაცია. კაპანია მიმართული იყო  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებისკენ, რათა ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი საჭიროებისა, შეუფერხებლად და თანასწორად მიუწვდებოდეს ხელი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე.  პროექტი ნორვეგიის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.

კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დღეს, 14 ივნისს გაიმართა. ღონისძიებაზე კამპანიის მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს შეხვდნენ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

კამპანია 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანი იყო ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის  გაზრდა. შეხვედრები საქართველოს ექვს რეგიონში მიმდინარეობდა.  რეგიონების  სკოლების მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნენ დიფერენცირებული სწავლის მიდგომებს, რაც შესაძლებლობას აძლევს დასწავლის სხვადასხვა უნარის მქონე მოსწავლეს თანაბრად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და გამოავლინოს საკუთარი თავი.  ტრენინგების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსიები და იდეების გენერირების სესიები სასკოლო სივრცეებში უკეთესი ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით. შეხვედრების შედეგად მონაწილეებმა გაიაზრეს ინკლუზიური განათლების პრინციპები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ბავშვების ფიზიკურ დასწრებადობას, არამედ მათ აქტიურ და გაცნობიერებულ ჩართულობასაც. მონაწილეების თითოეულმა სოციალურმა ჯგუფმა დაიანახა საკუთარი როლი ინკლუზიური გარემოს შექმნაში და კონკრეტული ხედვები გაუჩნდა.

გარდა პირისპირ შეხვედრებისა, საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში 50-ზე მეტი საინფორმაციო მასალა განთავსდა, მათ შორის, საგანამანათლებლო-სახალისო რესურსები ინკლუზიური განათლების თემაზე, რომლის მიზანი იყო მშობლებისა და პედაგოგებისთვის ეჩვენებინა პოზიტიური ქცევის მაგალითები, ასევე დახმარებოდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მიმართ სწორი ენისა და ეტიკეტის შემუშავებაში.

კამპანიას შემოუერთდა საქართველოში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომელთაც ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილად აქციეს.  პროექტის ფარგლებში ინკლუზიის თემაზე ცნობიერების ამაღლების აქტივობები სხვადასხვა კერძო კომპანიამ განახორციელა და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობას განათლებისა და განვითარების საქმეში.

კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი ინკლუზიის თემაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შემოწმება იყო. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიგნება ისაა, რომ გამოკითხულთა 90% თვლის, რომ ინკლუზიური განათლების ყველაზე დიდი გამოწვევა პედაგოგების კვალიფიკაციის დონეა. კვლევის სრული ვერსია ივნისის თვეში გამოქვეყნდება.

კამპანია განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობითდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.