ნორვეგიის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებს ეცნობიან

19 ივნისი 2023
ნორვეგიის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებს ეცნობიან
UNICEF/GEO-2023/Tsetskhladze

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 19 ივნისი - ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ემი ქლენსი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ, რათა ერთობლივი პროექტის -„საქართველობავშვებისთვის ინკლუზიური, თანაბარი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების შექმნა“ განხორციელებისას მიმდინარე პროგრესს გაცნობოდნენ. პროექტს ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ქედისა და ქობულეთის საჯარო სკოლებში ინკლუზიური, სკოლის შემდგომი განათლების ცენტრების ამოქმედება. ის მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ინკლუზიური განათლების ცენტრების დაარსებისა და კლასგარეშე პროგრამების შემუშავების გზით. კერძოდ, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • გაუმჯობესდა გარემო, სრულად გარემონტდა და  საგანმანათლებლო ინვენტარით და ზოგადად განმავითარებელი რესურსებით აღიჭურვა ინკლუზიური განათლების ცენტრები;
  • შემუშავდა და განხორციელდა კლასგარეშე ხელოვნების(სახვითი ხელოვნების, ტექსტილის და კერამიკის) აქტივობები ბავშვებისთვის;
  • მასწავლებლები და სკოლის პერსონალი აღიჭურვნენ ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო უნარებით;
  • მშობლებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სასწავლო პროცესში შვილების დასახმარებლად;
  • მიმდინარეობს თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინკლუზიური განათლების უწყვეტი მხარდაჭერის მიზნით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებმა და აღმზრდელებმა გაიარეს ტრენინგი და მიიღეს საგანმანათლებლო მასალები, რაც საშუალებას მისცემს სწავლება მოარგონ  ყველანაირი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს. 

Marko Soldic and Adem

არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით  გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ათ საჯარო სკოლაში რესურს-ოთახები დააარსა. ინიციატივის ფარგლებში სკოლებს გადაეცა სასწავლო მასალები, კომპიუტერული ტექნიკა და სპეციალური ავეჯი რესურს-ოთახების ფუნქციონალური გამოყენების მიზნით. მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი განმავითარებელი და საგანმანათლებლო მასალების პრაქტიკულ გამოყენებაში ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობისა და სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის პოზიტიური კულტურის დამკვიდრების მიზნით, სკოლებში ასევე დაარსდა მშობელთა კლუბები. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიული/უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესში.

ინკლუზიური და ხარისხიანი სავალდებულო განათლება შეზღუდულია ბევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის. სისტემის კარები ღიაა ასეთი ბავშვებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მასწავლებლებსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს ესაჭიროებათ ცოდნა და მხარდაჭერა, რომ სრულად დააკმაყოფილონ ამ ბავშვების მრავალფეროვანი საჭიროებები და ხელი შეუწყონ მათ სრულ მონაწილეობას სასწავლო პროცესსა და სასკოლო აქტივობებში. სკოლის შემდგომი პროგრამების არარსებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაში სრული ჩართულობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.