საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილ ბავშვებს

29 დეკემბერი 2022

თბილისი, საქართველო, 30 დეკემბერი, 2022. საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის. სულ 3000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი მიიღებს ფულად დახმარებას ზამთრის სირთულეებთან გამკლავების მიზნით.

470 ლარს თითოელ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენლებმა განაცხადით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოში 180,000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე შემოვიდა, ნოემბრის მონაცემებით, მათგან დაახლოებით 25,000 ახლაც საქართველოშია.   

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად არის ჩართული უკრაინის ომის შედეგად შექმნილ კრიზისზე რეაგირებაში. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს  მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეძლონ თანმხლები პირის გარეშე უკრაინიდან შემოსული არასრულწლოვნების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე რეაგირება. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა შეიქმნას პირობები სკოლამდელი ასაკის უკრაინელი ბავშვების საბავშვო ბაღებში მისაღებად.  

საქართველოს მთავრობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცდილობს მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინულ ოჯახებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. საქართველოში მყოფი უკრაინული ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია ყველა სოციალური მომსახურება, რომელსაც ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.