გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობა პანკისის ხეობაში

პანკისის ხეობაში მრავალი გამოწვევაა, მათ შორისაა სიღარიბე, განათლებისა და სერვისების არასათანადო ხელმისაწვდომობა.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველო
Ghassan Khalil visited the family with many children in Omalo
UNICEF/GEO-2020/Bejanishvili
26 ნოემბერი 2020

პანკისის ხეობაში მრავალი გამოწვევაა, მათ შორისაა სიღარიბე, განათლებისა და სერვისების არასათანადო ხელმისაწვდომობა. ამ გამოწვევებისა და ადგილობრივი ბავშვების და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების უკეთ გასაგებად, ივლისში გაეროს ბავშვთა ფონდი პირველი მისიის ფარგლებში ეწვია რეგიონს.

 

„პანკისში თბილად და გულითადად მიგვიღეს; ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებსა და განათლებაზე,“ აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. მან და გაეროს ბავშვთა ფონდის სხვა პროფესიონალებმა იმსჯელეს პანკისის ხეობის ძირითად წარმომადგენლებთან, მათ შორის, თემის უხუცესებთან, ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, სკოლის პედაგოგებთან, მშობლებთან და აქტივისტებთან.

 

"პანკისში თბილად და გულითადად მიგვიღეს; ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებსა და განათლებაზე." - ღასან ხალილი

 

ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა განათლების არასათანადო ხელმისაწვდომობაა. „ჩემი აზრით, განათლების კუთხით ჩიხში ვიმყოფებით“, აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა, უხუცესთა საბჭოს წევრმა. „ამ ჩიხიდან ნელ-ნელა გამოვდივართ და ვფიქრობ, რომ თქვენი ინიციატივა ამაში დაგვეხმარება,“ განუცხადა მან გაეროს ბავშვთა ფონდს.

გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდი პანკისის ხეობაში ვიზიტის შედეგად უკეთ გაეცნო რეგიონს და მიიღო დახმარებასთან დაკავშირებული მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება. გაეროს ბავშვთა ფონდი პანკისში დაბრუნდა ოქტომბერში, საგანმანათლებლო მასალებისა და ინვენტარის ჩატანისა და გადაცემის მიზნით.

„სკოლას ჩავუტანეთ კომპიუტერები, პროექტორები, და ქსელური მოწყობილობები“, აღნიშნა ღასან ხალილმა, დუისის, პანკისის ყველაზე დიდი სოფლის, პირველ საჯარო სკოლაში ვიზიტისას. „სწავლისა და განვითარებისათვის ბავშვებს სჭირდებათ წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე,“ აღნიშნა მან.

 

"„სწავლისა და განვითარებისათვის ბავშვებს სჭირდებათ წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე." - ღასან ხალილი

 

პანკისისათვის გადაცემული დახმარება მოიცავდა საგანმანათლებლო მასალებსა და სათამაშოებს საბავშვო ბაღებისათვის; კომპიუტერულ ინვენტარს სკოლებისათვის; სამაგიდო თამაშებს და წიგნებს ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრისათვის.

„ბავშვებს აქ არასოდეს უნახავთ ამდენი სათამაშო და წიგნი,“ აღნიშნა ბელა მუთოშვილმა, სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღის დირექტორმა. „დარწმუნებული ვარ, ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან გაოცდებიან და გახარებული დარჩებიან.“

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმა დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურში, გახსნა ახალი, ბავშვებზე მორგებული სივრცე  და ასევე მოსწავლეებს ესაუბრა ბავშვთა უფლებების შესახებ. „ამ ქვეყნის მართვა მომავალში ახალგაზრდა თაობამ უნდა გადაიბაროს და ეს ნამდვილად კარგი დახმარება იქნება,“ აღნიშნა გუგა ბექურიძემ, სოფელ ყვარელ-წყალის სკოლის მოსწავლემ.

 

"ამ ქვეყნის მართვა მომავალში ახალგაზრდა თაობამ უნდა გადაიბაროს და ეს ნამდვილად კარგი დახმარება იქნება." - გუგა ბექურიძე

 

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე ეწვია ოჯახებს, სადაც ინტერნეტი ან საერთოდ არ აქვთ, ან სადაც დაბალი ხარისხის ინტერნეტია; ეს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური პანდემიის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება დისტანციური სწავლების როლი. „ამ ოჯახში ვნახეთ, რომ შვიდი ბავშვი ონლაინ გაკვეთილებისათვის იყენებს ერთ ტელეფონს, რის გამოც შეუძლებელი ხდება ხარისხიანი განათლების მიღება. ჩვენ განვახორციელებთ ადვოკატირებას ინტერნეტის ხელმისაწვდომობით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნა ხალილმა სოფელ ომალოში თურქოშვილების ოჯახში სტუმრობისას.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს პანკისში მუშაობას. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების ხელშეწყობა და თემებთან განხილვები იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ორგანიზაცია რეგიონში გეგმავს.

ადგილობრივმა თემმა გულთბილად მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდი ხეობაში და გამოხატა ბავშვთა საჭიროებებზე რეაგირებისათვის თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა. „მოხარული ვართ პანკისელი ბავშვების მიმართ ინტერესის გამო“, აღნიშნა იზა ბექაურმა, კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის დირექტორმა. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პანკისის ხეობაში გაეროს ბავშვთა ფონდის ჩამოსვლა.“