პოზიტიური მშობლობა კრიზისის დროს

ფსიქოლოგ ქეთევან თავართქილაძის რჩევები, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს შვილებს გაუმკლავდნენ იმ უამრავ ემოციას, რომელსაც შესაძლოა ახლა განიცდიან

გაეროს ბავშვთა ფონდი
Boy at the window
UNICEF/GEO-2019/Berulava
01 აპრილი 2020

ახალმა კორონავირუსმა (COVID-19) ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა, ყველანი ემოციურად დაგვძაბა. ამ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი გახდა ჩვენი ფიზიკური და სოციალური იზოლაცია, კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.

 

ძალადობის მომატებული რისკი

ერთი მხრივ, შეზღუდული ურთიერთობები და მეორე მხრივ, სტრესული ემოციური ფონი, რასაც ასევე ემატება  გაურკვევლობა სამსახურთან დაკავშირებით, მოსალოდნელი ეკონომიკური   სიდუხჭირე - ეს ფაქტორებია, რომლებიც ძალადობრივი კონფლიქტების, ძალადობების რისკს ზრდის. როგორც წესი, მსხვერპლის როლში ბავშვები გვევლინებიან, რომელთა დაუცველი მდგომარეობა მათზე ძალადობას აადვილებს.

ამ პირობებში, ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ, როგორც არამოძალადე მშობლის და ოჯახის სხვა წევრების, ასევე ყველა შესაბამისი უწყების განსაკუთრებული ყურადღებით და მხარდაჭერით.

არამოძალადე მშობლისთვის და ასევე ბავშვისთვისაც მისაწვდომი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ადგილზე არსებული სამსახურების და სპეციალისტების შესახებ, სად და ვისთან შეუძლიათ  მიიღონ:

  • სოციალური სამსახურის მხარდაჭერა;
  • ფსიქოლოგიური დახმარება;
  • იურიდიული მხარდაჭერა;
  • სამედიცინო დახმარება;
  • კონსულტაციები  და სხვა.

ამასთანავე, ბავშვს  აგრძნობინეთ და უთხარით, რომ:

  • გესმით მისი მდგომარეობა და გსურთ, მის იდეებს მხარი დაუჭიროთ;
  • ის მარტო არ არის და გამოსვლის გზების ერთობლივად პოვნა შესაძლებელია;
  • ყოველთვის მზად ხართ, იზრუნოთ მისი უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;
  • აფასებთ მის ნდობას.

იყავით ბავშვების მხარდამჭერები და ერთად გაუმკლავდით შექმნილ ვითარებას.

 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ, ტელევიზიით, ინტერნეტით თუ ნაცნობ-მეგობრებისგან უამრავ სხვადასხვა ინფორმაციას ვიღებთ, თუმცა ინფორმაციის ამ უზარმაზარ ნაკადში შედარებით ცოტაა კვალიფიციური და სარწმუნო.

ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მოვიძიოთ. უპირობოდ ნუ დავიჯერებთ ყველაფერს, გადავამოწმოთ სანდო წყაროებში, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდებზე.

ამასთან, დავაწესეთ ლიმიტი ინფორმაციის მიღებაზე, მაგალითად, მაქსიმუმ დღეში ორჯერ შევიტყობთ მიმდინარე მოვლენების შესახებ.  მოვერიდოთ მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის მიღებას.

ჩვეულებრივ, ბავშვები მშობლების ქცევების და ემოციების შესატყვისად რეაგირებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ემოციური მდგომარეობა ვაკონტროლოთ. ბავშვების თანდასწრებით არ გამოვხატოთ უიმედობა, შფოთვა. სიმშვიდის შენარჩუნებით ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ მდგომარეობას ვაკონტროლებთ და ისინიც უფრო მშვიდად იქნებიან.

ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. თუ დაძაბულობას,  მოჭარბებულ შფოთვას ვგრძნობთ, გავუზიაროთ ჩვენი განცდები ოჯახის სხვა წევრებს ან ონლაინ-კონტაქტის მეშვეობით - ჩვენთვის სანდო ადამიანებს. გამოვყოთ თუნდაც მცირე დრო ისეთი რამეების საკეთებლად, რაც სიმშვიდის შენარჩუნებასა და ძალების აღდგენაში გვიშველის. ეს შეიძლება იყოს სუნთქვითი ვარჯიშები, კუნთური რელაქსაცია, მუსიკის მოსმენა და სხვა, რაც იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგვეხმარება.

 

 

დაეხმარეთ ბავშვს სტრესთან გამკლავებაში

 

ბავშვებში სტრესის, დარდის, ემოციური დაძაბულობის ნიშნებია:

  • აგრესიულობა;
  • ძილის პრობლემები (დაძინების სიძნელე, მოუსვენარი ძილი, ძილში წამოყვირებები, ტირილი);
  • ღამის კოშმარები;
  • ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი;
  • ღამით შარდის შეუკავებლობა;
  • სისუსტე, მოთენთილობა;
  • კვების და/ან ძილის დარღვვები;
  • მშობელთან განშორების შიში;
  • მუდმივად მომხდარზე საუბარი ან ფიქრი;
  • სხვა ნიშნები, რომლებიც ადრე მისთვის არ იყო დამახასიათებელი.

 

 

რჩევები მშობლებს:

 

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ბავშვი გრძნობს, როცა თქვენ შეწუხებული, აღელვებული ან დადარდიანებული ხართ. რაც უფრო შეწუხებული იქნებით თქვენ, მით უფრო შეწუხებული იქნება თქვენი შვილი. ამიტომ ეცადეთ, თავი აკონტროლოთ.

  • მოუსმინეთ და ესაუბრეთ.

ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ და ესაუბროთ მათ გრძნობებზე.  მიეცით ბავშვს საშუალება, ილაპარაკოს იმაზე, რის თქმაც სურს. მშვიდად, მისთვის გასაგებად, ასაკის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსენით ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები, ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების  შესახებ, სახლში დარჩენის აუცილებლობაზე,  და ეს ყველაფერი მიაწოდეთ მსუბუქი,  სახალისო ფორმით, დაძაბულობის გარეშე. ნუ ეცდებით, „ჭკუა დაარიგოთ“, მორალი უკითხოთ. ის ხომ თავის განცდებს, ფიქრებს გიზიარებთ.

შესაძლოა, ბავშვმა ისეთი კითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. გულახდილად უთხარით, რომ არ იცით და რომ პასუხს მოიძიებთ და უპასუხებთ, ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. წაახალისეთ გახსნილობისაკენ: “როცა მოგინდება, შეგვიძლია კიდევ ვილაპარაკოთ ამაზე”.

  • დაგეგმეთ დღე

მცირე, შეზღუდულ  სივრცეში შედარებით ხანგრძლივი დროით ყოფნა ემოციურად დამძაბველია ყველასთვის და განსაკუთრებით - ბავშვებისთვის. ამ ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია დღის განრიგის შედგენით, დღის სტრუქტურირებით.

ბავშვებთან ერთად გაწერეთ კონკრეტული სასწავლო, გასართობი და ფიზიკური აქტივობები, დაწყების და დასრულების დროების მითითებით. შეეცადეთ, თქვენ მიერ შედგენილი განრიგი მიახლოებული იყოს ბავშვის ადრინდელ ჩვეულ განრიგთან. ეს დაგეხმარებათ ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნებასა და ბავშვის სტრესის დონის შემცირებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ შედგენილ განრიგში შენარჩუნებული იყოს ბავშვის ძილის ჩვეული რეჟიმი. ხელი შეუწყვეთ ბავშვს შედგენილი განრიგის დაცვაში.

  • აგრძნობინეთ და უთხარით, რომ მათი გესმით.

ბავშვები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სტრესულ სიტუაციებზე. ზოგი დაძაბულობას აშკარად გამოხატავს, ზოგიერთი ბავშვი კი შეიძლება უფრო ჩუმი გახდეს, განცალკევდეს; ზოგი შეიძლება უფრო მეტს კითხულობდეს ან წერდეს, ვიდრე საერთოდ. ამიტომ ზოგჯერ შესაძლოა, რომ სტრესული დაძაბულობის ნიშნები არ იყოს იმდენად თვალშისაცემი და ადვილად გამოგეპაროთ. ზოგჯერ შეიძლება მოგეწონოთ კიდეც ბავშვის შეცვლილი ქცევა: “დაჭკვიანდა, სულ სახლშია და კითხულობს”, “ადრე ძალიან ხმაურიანი იყო, ახლა ისე ჩუმადაა, მის ყოფნას ვერც გაიგებ” და სხვა. აუხსენით ბავშვებს, რომ მათი განცდები შექმნილი სიტუაციის შესაბამისია. ხელი შეუწყვეთ ბავშვს, რომ გამოხატოს მისი მღელვარება, შიში, ბრაზი, სევდა ისე, როგორც შეუძლია (ლაპარაკი, ხატვა, დღიურის წერა, ცეკვა და სხვა). ბავშვს უნდა სწამდეს, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, მისი გესმით და მასზე ზრუნავთ.

შეახსენეთ ბავშვებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან რთულ თემებზე საუბარი და რომ მათ განკარგულებაში ხართ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს აღელვებულად ან სევდიანად იგრძნობენ. 

  • გაერთეთ ერთად.

დღის განმავლობაში, რაც არ უნდა დატვირთული იყოთ სახლის თუ სამსახურის საქმეებით, აუცილებლად გამოყავით დრო ერთობლივი სახალისო საქმიანობისთვის - ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, უყურეთ ფილმს, წაიკითხეთ, დადგით სპექტაკლი, ივარჯიშეთ,  იმღერეთ, იცეკვეთ, იცინეთ.

 

თუ თქვენი შვილი მაინც მეტისმეტად აღელვებული გეჩვენებათ, მიიღეთ ონლაინ-კონსულტაცია ფსიქოლოგებისგან.