გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება ბათუმის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვას

03 დეკემბერი 2020
Batumi joins the Child Friendly Cities Initiative
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ბათუმი, საქართველო, 2020 წლის 3 დეკემბერი. საქართველოს ერთერთმა დიდმა ქალაქმა - ბათუმმა  აიღო ვალდებულება,  შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას  ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმში განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ქალაქ ბათუმის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად.

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდი,  მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.

 

"ვულოცავ ბათუმს, თბილისის და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქს საქართველოდან, რომელმაც გადაწყვიტა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვა." - ღასან ხალილი

 

„ვულოცავ ბათუმს, თბილისის და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქს საქართველოდან, რომელმაც გადაწყვიტა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვა“, აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ბავშვებისთვის, ბავშვებზე მორგებული ქალაქი გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემასა და სამართლიან მოპყრობას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას, წვდომას ხარისხიან ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში ცხოვრებას და ოჯახური ცხოვრების, გართობისა და დასვენების შესაძლებლობების არსებობას. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის  მუნიციპალიტეტთან და გააგრძელებს ქალაქის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, რომ ბავშვთა საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს“, დასძინა ხალილმა.

 

 

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის შეფასება; ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე  მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება. ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის.

ბავშვზე მორგებული ქალაქის მშენებლობა მუდმივი პროცესია. მომდევნო ფაზაში, ბათუმის მერიის ადმინისტრაცია ჩაატარებს ბათუმში ბავშვთა უფლებების მხრივ არსებული ვითარების ანალიზს. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მომზადდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ბათუმი გახდება ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატი ქალაქი. ბათუმს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად აღიარებენ გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ.

 

 

2019 წლის ნოემბერში, ბათუმის მერის მოადგილე, ქ-ნი ლელა სურმანიძე მონაწილეობდა საბერძნეთის ქალაქ ათენში გამართულ გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ კონფერენციაში „მერები ბავშვებისთვის“. ორდღიან ღონისძიებაზე განიხილეს ბავშვებისა და ოჯახებისთვის ადგილობრივი სერვისების დაფინანსების სტრატეგიები, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერება, განათლებისა და დაცვის სერვისები, აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.